ჩინეთში COVID-19-ით ასიმპტომურად ინფიცირებულების რიცხვი იზრდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინჯიანგის ჯანდაცვის ხელისუფლებამ კვირას აღმოაჩინა 137 ასიმპტომური შემთხვევა, ქაშგარის რეგიონში 4.75 მილიონი ადამიანის ტესტის ჩატარების ფონზე.
როგორც ცნობილია, ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, არსებობს მოლოდინი, რომ ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყება, რის გამოც ტესტირების რაოდენობა კვლავ იზრდება.
COVID-19 დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ჩინეთში დღეისათვის შეადგენს 85 810-ს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი უცვლელი დარჩა – 4,634.