“რა ლექსიკაც შეესაბამება და მეტიც, ზედ აკვდება პუტინს, ივანიშვილს, ბესელიას, წულუკიანს, ჩერგოლეიშვილს თუ ამაშუკელს, იგივე არ შეეფერება და არ ეკადრება მიშას” _ წერს სოციალურ ქსელში ჩიორა თაქთაქიშვილი და სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ამ უკანასკნელმა თეა წულუკიანის საპასუხოდ გაავრცელა შეცდომას უწოდებს:
“დღევანდელი განცხადება იყო შეცდომა.
კონტექსტი ამ შემთხვევაში გამართლება არაა.
შეცდომა ადამიანებს მოსდით და ეს თავისთავად გადაუჭრელი პრობლემა არაა, არც რამე ისეთია, რომ ქოცებივით შავის და თეთრის გარჩევაში შეუშალოს ვინმეს ხელი.
ამ შეცდომაზე გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა თანაგუნდელების აღტაცება, დითირ-ამბები და შეგულიანებები მიშასადმი, ეს რა მაგარი რამე თქვიო, _ წერს თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წულუკიანმა სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ის სავალალო მდგომარეობაშია და არცერთ პრეზიდენტს არ უსურვებს მის მდგომარეობაში ყოფნას.
სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა სააკაშვილი:
„ხალხის მოტყუებაში მათ ბადალი არ ჰყავთ. ერთხელ ჩერჩილს ოპონენტმა სხდომაზე უთხრა, რომ მთვრალი იყო.
ჩერჩილმა სრულიად აუღელვებლად მიუგო ოპონენტს, რომ ის მართლაც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ხვალ დილით გაიღვიძებდა სრულიად გამოფხიზლებული, ის ქალი კი გაღვიძების შემთხვევაშიც მახინჯი იქნებოდა.
აი ესაა ჩემი პასუხი თეა წულუკიანისთვის.
ივანიშვილი და წულუკიანი ვერ მომწვდნენ და ვერც მომწვდებიან სადაც არ უნდა ვიყო.
მათ ქართველი ხალხი მიწვდება და აგებინებს პასუხს სადაც არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.