ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, სოფელში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა:
_ 1 მეტრზე დიდი თოვლია და ჩვენ არც გზა გვაქვს და არც ელექტროენერგია. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩხაკაურელებმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია:
_ ჩხაკაურაში გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია. დილიდან მუშაობს ტექნიკა და ამ წუთებში ცენტრალური გზა იწმინდება, _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა ხეების წაქცევამ გამოიწვია:
_ დიდთოვლობის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. “ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები უკვე გასულები არიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, _ აღნიშნა ჩოხატაურის მერმა.