შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩხრეკა, როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში. სამართალდამცველებმა ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული ტექნიკა, ასევე, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამავე თემაზე: