2018 წლის 6-10 თებერვალს ლას-ვეგასში საერთაშორისო კონკურსი ,, Golden Dream 2018” გაიმართა.
კონკურსში, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ჩატარდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის აღსაზრდელები ლილიანა ლომინეიშვილი, ქეთი მოდებაძე და საბრინა აბდულაშვილი მონაწილეობდნენ.
ჩოხატაურელმა გოგონებმა კონკურსზე, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რომელთაც საერთაშორისო ჟიური აფასებდა, პირველი ადგილი დაიკავეს.
_ გასული წლის ნოემბერში, მე და ქეთი მოდებაძე ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში ვმონაწილეობდით, სადაც გრამპრი მივიღეთ.
სწორედ ამ ფესტივალის შემდეგ მივიღეთ მოწვევა ამ ფესტივალის დამფუძნებლისგან, თამარ ღოღობერიძისგან. საბრინა აბდულაშვილი კი აირჩიეს მის მიერ გადაგზავნილი ვიდეოს საშუალებით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლილიანა ლომინეიშვილმა.
მისივე თქმით, გოგონებმა სოლო შესრულებით სხვადასხვა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო მათმა ტრიომ ჟიურის სიმპათია დაიმსახურა.
ლილიანა ამბობს, რომ გოგონების წარმატებაში დიდი წვლილი მათ პედაგოგს, ლარისა დოლიძეს მიუძღვის.