10 დეკემბერს მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, “მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა; მათ შორის, ისაუბრა უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ: 2019 წელს, დაიწყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის სამი მონაკვეთის მშენებლობა; ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აშენებულია 208 კმ. გზა; სამშენებლო სამუშაოები 142 კმ-გზაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს; ქარსელაძის თქმით, 2019 წელს 800 კმ გზის რეაბილიტაცია გახორციელდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს 4-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჩატარებულ სამუშაოებზე ანაზღაურებულია 1 მილიარდ 217 მილიონი ლარი.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ის მეგზევეები დააჯილდოვა, რომლებმაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასევე, დაჯილდოვდა რამდენიმე კომპანია, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებისთვის. მათ შორისაა, “New Road“, რომელსაც ჩოხატაურელი დავით (უმცროსი) ჟღენტი ხელმძღვანელობს. დავითი ციურიხში იმყოფება და მასთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
“გურია ნიუსი“ ულოცავს “New Road“-ს ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს. სასიამოვნოა, რომ წარმატებული კომპანია, ასევე, პირველი ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალის Bakhmaro Sunset Fest-ის ტრადიციული მხარდამჭერია.
ღონიძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისი მერი კახა კალაძე, მთავრობისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
P.S. აღსანიშნავია, რომ “New Road“-მა ეს ჯილდო შარშანაც აიღო და სტატიის ფოტო სწორედ შარშანდელი დაჯილდოების დროს არის გადაღებული.