სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსზე ყველაზე მოტივირებულის სტატუსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ლაშა-გიორგი კუჭაშვილმა მოიპოვა. წარმოებული კულტურა: მარწყვი.
როგორც „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ათეულობით სკოლა ჩაერთო. მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობების და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ. კონკურსი, სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას ითვალისწინებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, პროცედურები ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.
საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10. ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი, სამი გამარჯვებული გამოავლინა ნომინაციებში:გუნდური ნამუშევარი, მრავალფეროვანი ბოსტანი და ყველაზე მოტივირებული.
ცნობისთვის, კონკურსის მიზანი სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგით მომავალი თაობის დაინტერესება იყო და ის ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ ინიციატივით გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა:
„ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს პროფესიონალები. ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.”