მიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში.
დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები.
ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია.
ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება.
პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება.
2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად დაეთმობა.