ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს და საკუთარ გულისტკივილს გამოთქვამს ერთი, მართლაც გულსატკენი ფაქტის გამო:
“პროვინციულ-პატრიოტული” გადახვევა COVID 19 ის ფონზე _ “პრაიმშოუს” შემოქმედებით ჯგუფს!
თქვენი, მართლაც ყურებადი, გადაცემის არა ერთი სიუჟეტი დაეთმო ჩვენს უნიკალურ კურორტს ბახმაროს, რისთვისაც, მადლობას გიხდით. თუმცა ეს სამადლობელი უხინჯო იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება, არსად არ ახსენებთ იმ მუნიციპალიტეტს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს კურორტი.
ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება ჩოხატაურელებს, ეს ტაბუდადებული თემაა. არადა, სწორედ ჩოხატაურელებმა შევინარჩუნეთ ბახმარო, მეტყევეებმა, ექიმებმა, სხვადასხვა თაობის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა. უმძიმეს 90-იან წლებში, ჩოხატაურელებმა, ფაქტიურად თავიდან, დავიწყეთ ბახმაროს გაცოცხლება, ავაგეთ ტაძარი, აღვადგინეთ ტრადიციული დოღი, საუფლო ფერისცვალების დღესასწაული ამავე დროს საერო სახალხო ზეიმად და მასპინძლობის დღედ ვაქციეთ.
ყოველ წელს, ღარიბი მუნიციპალიტეტი ცდილობს ყველა სტუმარს მოემსახუროს და სანაცვლოდ მიღებული დამსახურებელი თუ დაუმსახურებული საყვედური გულში ჩაიკლას.
ნუთუ არ ვიმსახურებდით რომ თუნდაც ერთხელ, თქვენს გადაცემაში გაჟღერებულიყო ჩვენი ლოკალური იდენტობის გამომხატველი სიტყვა _ “ჩოხატაური”, რომელიც ჩვენთვის თიკუნივითაა, ანუ საამაყო და სათუთია“, _ წერს ჩოხატაურის მერი.