ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს – განსასჯელის სკამზე დავით შარაშიძე ზის, რომელიც ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ოზურგეთის სასამართლოში საპატრულო ავტომობილით მიიყვანეს.
მოსამართლე ყოფილი მაღალჩინოსანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
პროკურატურა შარაშიძის მიმართ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც შარაშიძის ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე “პირველებს” უთხრა, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბრალს აღაირებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს
უფლებადამცველი ირწმუნება, რომ დავით შარაძიძე რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს “გაშველებას ცდილობდა”.
„დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე გირაოს ვითხოვთ. ოდენობა შესათანხმებელი მაქვს ოჯახთან, ბრალდებულთან. აღიარებს ბრალს… თანამშრომლობს. საქმის მასალები გუშინ გადმომეცა, თუმცა არ გავცნობილვარ“,- ამბობს ადვოკატი.
- საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა – დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.































































