კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და, მათ შორის, ჩოხატაურში, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებს, ასევე, სპეციალისტებს ხელფასები გაეზარდათ.
გამონაკლისი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე და მერი არიან _ კანონით მინიჭებული შესაძლებლობის მიუხედავად, არც ზაალ მამალაძეს და არც ირაკლი კუჭავას ხელფასები არ მოუმატებიათ და მათი თვიური ანაზღაურება ისევ 2 650 ლარი იქნება.
რაც შეეხება დანარჩენებს _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 100 ლარი იქნება; კომისიების თავმჯდომარეების ანაზღაურება 1 700 ლარით განსაზღვრეს; ამდენივე ექნება ფრაქციის თავმჯდომარეს, ხოლო მის მოადგილეს _ 1 250 ლარი.
მერის პირველი მოადგილის ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მსგავსად 2 100 ლარი იქნება; მეორე მოადგილე 1 800 ლარს მიიღებს; 1 600 ლარი ექნება მერიის სამსახურის უფროსს, რომელიც 1 რანგის მოხელეა; II რანგის მოხელის, განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მყოფი პირის ხელფასი 1 200 ლარი ხდება, ხოლო III რანგის მოხელე, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 800 ლარს მიიღებს.
საკრებულოზე დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, განსხვავებული ანაზღაურება იქნება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში, რომლის უფროსის ანაზღაურება 1 350 ლარით განისაზღვრა; განყოფილების უფროსის _ 950 ლარით; I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება აქ 650 ლარი იქნება.