ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში, 15 სექტემბერს, განათლებისა და ჯანდაცვის სამინიტროების რეკომენდაციების დაცვით დაიწყება, _ აღნიშნულის შესახებ ჩვენს ახალგაზრდულ გაზეთს ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ესაუბრა.
“სკოლის შენობაში შესვლისას სავალდებულო იქნება დეზობარიერის გავლა, თერმოსკრინინგი და ხელის დეზინფიცირება; მოსწავლეებს შორის დაცული იქნება 1-მეტრიანი დისტანცია; პირბადის ტარება, გარდა მოსწავლეებისა, სკოლის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირისათვის იქნება სავალდებულო; სველი წერტილების სანიტარული დამუშავება მოხდება ყოველი დასვენების შემდეგ. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისათვის გამოიყოფა საიზოლაციო ოთახი, გაკვეთილებს შორის დასვენებებზე განიავდება საკლასო ოთახები, მოხდება ხშირად შესახები ზედაპირების დასუფთავება. რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, სასწავლო პროცესი ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით დაგეგმოს.
ვინაიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სრულად აკმაყოფილებს მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის გასათვალისწინებელ მოთხოვნებს, ამ სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში, 15 სექტემბერს, განათლებისა და ჯანდაცვის სამინიტროების რეკომენდაციების დაცვით დაიწყება, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩოხატაურის სკოლებიდან მხოლოდ #1 საჯარო სკოლა გეგმავს სწავლების 2-ცვლიან რეჟიმზე გადასვლას.
“სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის საჯარო სკოლის (რომელშიც ამჟამად 592 მოსწავლე სწავლობს) ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, გეგმავს დანერგოს სწავლების საკუთარი მოდელი და გადავიდეს სწავლების ორცვლიან მოდელზე _ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I-VI კლასები) ხუთ სასწავლო დღეს ივლიან პირველ ცვლაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მეორე _ ცვლაში. სკოლა აპირებს შეამციროს გაკვეთილებისა და დასვენების ხანგრძლივობები, რის შედეგადაც ორივე ცვლაში სასწავლო პროცესი დასრულდება, დაახლოებით, 15:35 საათზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს სკოლის ადმინისტრაციას, განახორციელოს როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები, ასევე, სკოლის მიერ პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, _ ამბობს შორენა სიხარულიძე და მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ საუბრობს.
“მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბლაციხის, ხიდისთავის, იანეულის სკოლების სველ წერტილებს, გარემონტდა სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა, მთლიანად შეიცვალა გათბობის სისტემა #1 საჯარო სკოლაში, ბასილეთსა და გორაბერეჟოულის საჯარო სკოლებში გარემონტდა სველი წერტილები. რეაბილიტაცია უტარდება დიდივანის, ფარცხმის, ამაღლების, ბუკნარის სანიტარულ კვანძებს. სამინისტროს მიერ სკოლებში ეტაპობრივად შედის პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები, თერმომეტრები, დეზობარიერები. მოსწავლეებს წელსაც უფასოდ დაურიგდებათ სასწავლო სახელმძღვანელოები და ისარგებლებენ სასკოლო ტრანსპორტით.
სახელმწიფო სტრუქტურებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების ადმინისტრაციების მიერ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება უსაფრთხო და დაცულ გარემოში, _ გვითხრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.