დღეს, ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
საგანგებოდ ამ დღისთვის ჩოხატაურს ქართული ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირები: დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე და გოჩა თამაზაშვილი ესტუმრნენ.
ბიუსტის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში იმართებოდა.
გუშინ ჩატარდა ბორის პაიჭაძის სახელობის ტურნირი 2004-2005 წლებში დაბადებულ ვაჟ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის გუნდები მონაწილეობდნენ.
დღეს ტურნირის ფინალი გაიმართა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა _ პირველობა ლანჩხუთის „გურიას“ ხვდა წილად.
ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს დიპლომები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დავით მუჯირის თქმით, ტურნირი ტრადიციად იქცევა.
“ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ჩოხატაურელი ბორის პაიჭაძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება და ტრადიციად იქცევა. ეს დღე იქნება ნამდვილი ზეიმი და პირველი ნაბიჯი წარმატებისა და დიდი ფეხბურთისკენ! _ მიმართა დავით მუჯირმა ფეხბურთელებს.
როგორც დავით მუჯირმა აღნიშნა, მომავალ წელს ტურნირში სხვა რეგიონებიც ჩაერთვებიან.