ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ერთ-ერთმა მცხოვრებმა თავის საცხოვრებელ ეზოში დიდი ზომის გველი მოკლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გველის სიგრძე 5 მეტრომდე იქნებოდა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა შუა ამაღლებაში ნუგზარ ჯიბლაძემ განუცხადა, ქვეწარმავლის ზომა ცოტა გაზვიადებულია.
“გველი ნამდვილად შუა ამაღლებაში მოკლეს, მაგრამ ზომას რაც შეეხება, ცოტა გაზვიადებულია _ 2 მეტრი კი იყო, მაგრამ არა _ 5. მოგეხსენებათ, გველი უხერხემლოა და როდესაც მკვდარი ქვეწარმავალი ხეზე გადაკიდეს, გაიწელა”, _ გვითხრა ჯიბლაძემ.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მოკლულ გველთან ერთად კიდევ სხვა იმავე ზომის ქვეწარმავალიც იყო, რომლის განადგურება ვერ შეძლეს.
“წინა დღეებშიც უნახავთ დიდი ზომის ქვეწარმავალი, მაგრამ გაქცევიათ. როგორც თქვეს, ის მოწითალო შეფერილობის იყო”, _ დაგვიდასტურა ჯიბლაძემ.
გურიაში და კერძოდ, ჩოხატაურში ქვეწარმავლების მომრავლებაზე “გურია ნიუსთან” არაერთი აქაური მცხოვრები საუბრობს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, საკუთარ ეზოში ერთად თავშეყრილი 8 ქვეწარმავალი ნახა.
იმის გასაგებად, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, რა ზომებს უნდა მიმართოს ქვეწარმავალთან პირისპირ შეხვედრისას, თუ ტარდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებები, რამდენად ეფექტურია ის და ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ ამისთვის, “გურია ნიუსმა” ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მიმართა. უწყებიდან მიღებულ პასუხს “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.