დღეს ჩოხატაურში გაიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის ტურნირი 2004-2005 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირს ესწრებოდა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით მუჯირი.
“დღეს პირველად ტარდება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ჩოხატაურელი ბორის პაიჭაძის სახელობის ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და ტრადიციად იქცევა. თქვენთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება! ეს პირველი ნაბიჯი იქნება წარმატებისკენ და დიდი ფეხბურთისკენ! _ მიმართა დავით მუჯირმა ფეხბურთელებს.
ხვალ, ტურნირის მეორე დღეს, მონაწილეთა დაჯილდოვება და ბორის პაიჭაძის ძეგლის საზეიმო გახსნა არის დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული ფეხბურთის ლეგენდები, თბილისის დინამოს და ლანჩხუთის გურიას ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. ჩოხატაურს ეწვევიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირებიც.