ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსს” მომართა მოქალაქემ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ჩოხატაურში თურქეთიდან ჩამოსულ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.
“ნამდვილად ვიცი, რომ ადამიანს, რომელიც თურქეთიდან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდგინეს. როგორც ვიცი, მას ვირუსის სიმპტომები იქვე გამოუვლინდა, მაგრამ მაინც წამოვიდა სახლში. ვიცი, რომ ეს დადასტურებულია, მაგრამ საგულდაგულოდ მალავენ”, _ გვითხრა ჩოხატაურელმა, რომელიც, მისივე თქმით, თურქეთიდან ჩამოსული პიროვნების მეზობელია.
“გურია ნიუსმა” ინფორმაცია ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნატო ჯიბუტთან გადაამოწმა.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს თვითიზოლაციაში მოგვემატება ერთი პირი, რომელსაც თურქეთიდან ველოდებით. თუმცა, ეს ადამიანი ჯანმრთელადაა და ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ აქვს”, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
მისივე თქმით, ჩოხატაურში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 10 ადამიანი იმყოფება, 1 კი გადაყვანილია კარანტინში.