რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩოხატაურელ ექიმებს ადამიანურ სამუშაო პირობებში მოუწევთ მუშაობა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი შენობა დღეს მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
შენობა თანამედროვე სტანდარტებისაა და პერსონალისთვის საძინებელ ოთახებთან ერთად სველი წერტილებიცაა მოწყობილი.
_ ძალიან დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებით პერსონალს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ძალიან რთულ პირობებში. მადლობა დეპუტატს, მერს, გუბერნატორს და გურიის ყოფილ გუბერნატორს, მერაბ ჭანუყვაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც დაიწყო ამ შენობის მშენებლობა, _ აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ავთანდილ თალაკვაძემ ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მაღალი გამავლობის ავტომობილიც გადასცა, რაც მათ მაღალმთიან სოფლებში გადაადგილების პრობლემას მოუხნის.
ამ დრომდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ავარიულ შენობაში იყო, სადაც არც სველი წერტილები იყო და არც არანაირი სამუშაო პირობა.
ნახეთ სტატია არქივიდან, თუ რა პირობებში უწევდათ მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს: სასწრაფო დახმარება სასწრაფო დახმარების მოლოდინში