ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის, „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს, ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონია ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შედგა.
10 საჯარო სკოლის: ნიკო მარის სახ. დაბა ჩოხატაურის N1, გოგოლესუბნის, გუთურის, იანეულის, კოხნარის, ნაბეღლავის, შუა ამაღლების, შუაფარცხმის , წიფნარისა და ხიდისთავის სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით კურსდამთავრებულ 29 მოსწავლეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა კომპიუტერი (ლეპტოპი).
ცერემონიას მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ მშობლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები.
_ პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.
ავტორი