„გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ურნები ნაგავს ვეღარ იტევს, მსგავსი სიტუაცია კი დღეს დაბლაციხე ბუკისციხის მიმართულებით დაბამდე დგას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ა(ა)იპ “სხივის” დირექტორთან მერაბ დოლიძესთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. მის კომენტარს მიღების შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ გვითხრა, ნაგვის ნარჩენების დაგროვება შეფერხებამ გამოიწვია და დღეს, ნაგავშემკრები კონტეინერები რამდენიმე საათში ცარიელი იქნება.
„გუშინ მოხდა შეფერხება, ვერ მოხერხდა ნარჩენების გატანა. დღეს ინტენსიურად ხდება დასუფთავება, კომუნალური სამსახური მუშაობს მდგომარეობის გამოსასწორებლად. რამდენიმე საათში ნაგავშემკრები კონტეინერები იქნება ცარიელი“,_ გვითხრა მერმა.
შეკითხვაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იგეგმება თუ არა ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება ან მუნიციპალიტეტისთვის მომსახურე დასუფთავების სამსახურის ავტომობილების გაზრდა ?
მერი გვპასუხობს, რომ:
„ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება იგეგმება, ავტომანქანების – არა. დამატება მოხდება იქ, სადაც არის საჭიროება, კომუნალურმა სამსახურმა იცის სად გვაქვს უბნები სადაც საჭიროებს დამატებით ნაგავშემკრებ კონტეინერებს“.
ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სულ 4 მანქანა ყავს, აქედან ერთი ძველია, ერთი სეზონიდან გამომდინარე ბახმაროს ემსახურება.
როგორც რამდენიმე დღის წინ გვითხრა ა(ა)იპ “სხივის” დირექტორმა, ორშაბათი მძიმე დღეა კვირას გამართული ბაზრობის გამო და ამიტომ დასასუფთავებლად 2 მანქანას უშვებენ, მაგრამ გასულ ორშაბათს ხიდისთავში შექმნილი სურათი დამსვენებლების დიდ რიცხვს დაუკავშირა. მისივე განმარტებით, ერთი ავტომობილი შესაკეთებელი იყო და ამიტომ მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების გატანა დასუფთავების ერთ მანქანას უწევდა.
მოხდა თუ არა შესაკეთებელი ავტომობილის შეკეთება, რა გახდა დღეისთვის არსებული სურათის გამომწვევი მიზეზი და სად არის საჭირო ნაგავშემკრები კონტეინერების დამატება_ ამ კითხვებზე პასუხს „გურია ნიუსი“ ელოდება, რასაც ა(ა)იპ “სხივის” დირექტორთან დაკავშირების შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ.






























































