„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „მაგნიტის“ ორ თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ჩვენივე ინფორმაციით, ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა მაღაზიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს, მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და პასუხის მოლოდინში არიან, მაგრამ, როგორც წყარო გვეუბნება, მათაც დიდი ალბათობით, დაუდასტურდებათ ვირუსი. მიუხედავად ამისა, მაღაზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რამაც მოქალაქეების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება და გაურკვევლობა გამოიწვია.
„ჩოხატაურში, „ზედა მაგნიტში“ კორონას შემთხვევები დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, მაღაზია ხალხითაა სავსე. არ ხურავენ მაღაზიას და ისევ აგრძელებენ მუშაობას. მეც ტესტის გასაკეთებლად ვიყავი, იქ იყვნენ მაგნიტის გოგოები, იქ გავიგე მეც“, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ უკვე რამდენიმე მოქალაქემ მომართა.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „მაგნიტის“ ქსელის ჩოხატაურის ფილიალს დაუკავშირდა.
„ვისაც სიცხე ჰქონდა, ბ.რ. ის წავიდა უკვე და კოვიდი ამის შემდეგ დაუდასტურდა. კიდევ სამი თანამშრომელი წავიდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ დილით ქონდათ ტემპერატურა, ამიტომ ისინიც გავუშვი სამსახურიდან. ახლა ვინც ვმუშაობთ, ყველა ჯანმრთელები ვართ და არაფერი გვჭირს“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურში მდებარე „მაგნიტის მაღაზიის ადმინისტრატორი გურამ ეძგვერაძე.
[sexy_author_bio]