26 მაისის დილით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრები ქალაქში შეიკრიბნენ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც დეკანოზმა ანტონმა ჩაატარა. აღნიშნული იქნა დამოუკიდებლობის დღე და მოხსენიებული- საქართველოს კეთილდღეობისთვის შეწირული მამულიშვილები. მოგვიანებით, ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრებმა დიდების მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც სანთლები დაანთეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული რაინდების სახელზე.
,,დღევანდელი დღე გამორჩეული ღირსებისა და პატივის მატარებელია თითოეული ქართველისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს მიოპოვა ერმა სანუკვარი დამოუკიდებლობა. ეს დღე სიამაყის განცდასთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს“, _ სააგენტოსთან საუბარში თავისი ემოცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, ქეთევან ჭელიძემ.
,,ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოს მომავალი კეთილდღეობისთვის დაღუპულ გმირებს და განსაკუთრებულად აღვნიშნეთ მათი დიდი ღვაწლი, რის საფუძველზეც ჩვენ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ”,_ ,,გურია ნიუსთან” საუბარში 26 მაისის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, კობა ძიძიგურმა.