წელს მარტის თვეში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მიწვეულია საფრანგეთში, პარიზის წიგნის ფესტივალზე.
ნატალი პატარიძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ცენტრი წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა “მედუზას“ ინიციატივით მიიწვიეს. ამავდროულად, დავით ლიკლიკაძის რეჟისორობით მიდის მუშაობა სპექტაკლზე “ჩუმი გმირი“, რომელიც ეხება ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
“ახალგაზრდულ ცენტრთან არსებულმა სამხატვრო სკოლამ გააფორმა ფრანგულად თარგმნილი ქართული ზღაპრები, რომელიც გამოიცა წიგნად. ეს წიგნები წარმოდგენილი იქნება ქართულ პავილიონში.
ამავე პროექტის ფარგლებში წარმოვადგენთ სპექტაკლს “ჩუმი გმირი“ (რეჟისორი დავით ლიკლიკაძე), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების და მისი მოღვაწეობის შესახებ იქნება.
სპექტაკლისთვის ჩატარდა სპეციალური ქასთინგი და შეირჩა ახალგაზრდები, რომლებიც ითამაშებენ “ჩუმი გმირში“.
ქასთინგზე არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და შეირჩა საუკეთესოები. უკვე მიმდინარეობს აქტიური რეპეტიციები, რადგან სამაგალითოდ წარვდგენთ ლევილში. პრემიერა 22 მარტს შედგება“,_ გვითხრა ნატალი პატარაძემ.
სპექტაკლის რეჟისორის, დავით ლიკლიკაძის თქმით, სპექტაკლზე მუშაობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერი კეთდება მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსადგომად.
“ამ სპექტაკლზე მუშაობა ჩემისთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად საამაყო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვდგეთ მაყურებლის წინაშე. უკვე დაპატიჟებული გვყავს ის ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში, ასევე გამომცემლობა “მედუზას“ წარმომადგენლები და საელჩოს თანამშრომლები.
რაც მთავარია, ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს ახალგაზრდებმა მათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ექვთიმე თაყაიშვილზე“ ,_ გვითხრა სპექტაკლის რეჟისორმა დავით ლიკლიკაძემ.
“გურია ნიუსი“ ასევე დაინტერესდა იგეგმება თუ არა სპექტაკლის ჩვენება ოზურგეთში.
“თუ კი სურვილი და მოწვევა იქნება ოზურგეთიდან აუცილებლად ჩამოვალთ“,_ გვითხრა ნატალი პატარიძემ.