ვაკიჯვარელი ტარიელ თავართქილაძის მოგონებიდან: ოსმალებმა ქალი გაიტაცეს, ,,ჩუუბუშტენ პლატუკი პირში” და ფეხით წაიყვანეს, თვითონ ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი.
ქალმა იეშმაკა, თითქოს გული წაუვიდა და დაეცა, ამოაცალეს პირიდან ცხვისახოცი, მან თითქოს მოითქვა სული და განაგრძო გზა. მაგრამ გაივლის რამდენიმე ნაბიჯს, დაეცემა, წამოდგება, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ისევ წაიქცევა. რა უნდა ექნათ გამტაცებლებს – შემოისვეს ცხენზე. პატარა მანძილი გაიარეს და ქალი ცხენიდან ჩამოვარდა. ისევ შემოსვა ცხენზე, ქალი ჩააფრინდა ოსმალოს, ხან მკლავზე, ხან ქამარზე, ხან კისერზე, ოსმალო არაფერს ეუბნება, ჰგონია რომ ქალი თავს ვერ იმაგრებსო. ამასობაში კი იხელთა გურულმა ციცამ მომენტი ,,ამუაცალა ბებუთი, ჩამოკიდებული რუმ ქონდა გვერძე… და დაარტყა კისერში… ოხ იგენის ბებუთი ხომ უბედურია! წვერც მეიპარცავ, იმფერია.” წინ მყოფმა ვერაფერი გაიგო, ქალმა კი ჩამოაგდო ოსმალო და გაქუსლა. მერე უყვებოდა თავისიანებს ,,ათი კაცის შეძლება მქონდა კლავებში მოსულიო, აფერის არ მეშინოდაო”. მაგრამ დაჭრილმა იმდენი მოახერხა რომ ქალს ჩააფრინდა და არ ეშვება, ხრამს რომ მიუახლოვდენ, ქალმა იქით ისკუპა. ,,თათარმა ვეღარ მიზდია, დაჭრილია მწარეთ ზურგში და ასხამს სისხს”. ციცამ კი ,,დაბღოტილმა და დაჩეჩქვილმა” იძრომიალა, ტყე-ღეში იარა და გამოვიდა სამშვიდობოს. სახლში უკვე გამოტირებული ჰყავდათ. რა ამბავი ატყდებოდა ადვილი წარმოსადგენია. მაგრამ ქალი გადატანილი სტრესის გამო დიდხანს ,,იწვა ისთე ლოგინში… პაწე ამბავი ხო მარ იყო, ორ კაძახს შიემბა და მერე რაფერ კაძახს! ვაშკაცი კაცი ვერ იზამდა, რაც მან ქნა”. მერე მოსულიერდა და როცა აქებდნენ ნამდვილი ,,ვაშკაცი” ხარო, პასუხობდა ,,აი შიშმა ქნა ყოლიფერიო”, როცა წარმოვიდგენდი რა მომელოდაო, ,,დამზრინავდა ტანში და გამაკანკალებდაო. სიკტილი ჯობია იგინის ხელში მოხვრედასო…”
გაუმარჯოს გურულ ციცებს- ყველაზე ლამაზებს და გაბედულებს!