ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას.
თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ 2 პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რამე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტ-კრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი კი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული.