“მე მაქვს დაუნის სინდრომი. ამაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მზის შვილებს გვეძახიან, მე მიხარია, მიყვარს მზე, _ ოზურგეთელი, 31 წლის მიშიკო კვირკველიას შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ავრცელებს, რომელიც ქსელში “შუქი მოვიდა” სახელითაა რეგისტრირებული.
“ძალიან მიყვარს ხატვა, სიმღერა და ცეკვა. სიმღერა იმიტომ მიყვარს, რომ კარგად ვმღერი. ცეკვა იმიტომ, რომ თამუნასთან ერთად ვცეკვავ. ხატვით მიყვარს სახეების, მანქანების და გულების ხატვა.
5 წელი ვცხოვრობდი იაპონიაში და იქ დავიწყე თხილამურებზე დგომა. საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელე და შეჯიბრებებშიც გამოვიდოდი.
სკოლა ოზურგეთში დავამთავრე, ბოლო ზარი რომ მქონდა ძალიან მიხაროდა. ახლა დავდივარ დღის ცენტრში, სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ. რადგან აქ მეგობრებთან ერთად ვარ. დღის ცენრში მოვდივარ დამოუკიდებლად, რაც ძალიან მომწონს. სახლში დედას ვეხმარები ხოლმე საოჯახო საქმეებში: ვბარავ, თხილებს ვჭრი და ვჩეხავ შეშას.
მყავს შეყვარებული, სახელს ვერ ვიტყვი. ძალიან მომწონს, ძალიან კარგი გოგოა და კარგად მღერის. ხანდახან ვუძღვნი ხოლმე სიმღერებს. რომ ვუყურებ ბედნიერებისგან მართლა მზესავით ვანათებ.” _ ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.