„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე.
„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს. გურულებს ყველაზე კარგად ესმით, რომ პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკა, ყველა მოქალაქის საქმეა, რადგან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ჩვენი საპატრონოა.
ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა. ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში.
ამიტომ, დღეს, მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის, ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე, არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება.
ჩვენ – ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ – ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა, გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე, ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში.
ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია, შინ და გარეთ.