“საქართველოს პირველი არხი ეხმაურება მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავ მიზანმიმართულ კამპანიას და კატეგორიულად აცხადებს, რომ არხზე არ დახურულა არც ერთი პროექტი, მათ შორის, „ახალი კვირა“ და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს”, _ ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის განცხადებაშია აღნიშნული.
“მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ინსტიტუციის მიმართ, ხორციელდება ცილისმწამებლური, მიზანმიმართული კამპანია და ის ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოს პირველი არხის მიმართ საზოგადოების ნდობა იზრდება. როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება არ არის ხელსაყრელი ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის, რაზეც მეტყველებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვის მიზნით წარმოებული კამპანია.
მივიჩნევთ, რომ რადიკალურად პოლარიზებულ მედიაგარემოში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავს მკაცრად სარედაქციო პრინციპებსა და მედიასტანდარტს, რაც გამოიხატება მის დაბალანსებულ, მრავალფეროვან, ხარისხიან სატელევიზიო, რადიო და ონლაინ პროდუქტში.
საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობს მრავალი ღირსეული პროფესიონალი, ვისთვისაც, თმენის ვალდებულების მიუხედავად, კატეგორიულად მიუღებელია წარმოებული კამპანიის შინაარსი და არავინ დაუშვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშ ჩარევას.
ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას”, _ ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.