ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თაობაზე შსს-ში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, საქმეში გამოიკვეთა ახალი დეტალები.
“მერაბ მორჩაძემ, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი.
მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.
შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს.
რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების, 51-ე სკოლის დირექტორის და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე სხვა პირების გამოკითხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს და დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა საზოგადოებისთვის და მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო კომისიასთან”, _ განაცხადა მეზვრიშვილმა.