14 ივლისს, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.
დილით, მწერლის ოჯახის წევრებმა, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა, პოლონეთის, ლიტვის, ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ხელოვნების სფეროს ცნობილმა სახეებმა, ნოდარ დუმბაძის სკვერში მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
სკვერიდან სტუმრებმა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც პროექტ ცოცხალი წიგნების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
მწერლის დაბადების დღის აღნიშვნა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში გაგრძელდა, სადაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა.
“დღეს დიდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენი ბიჭი 90 წლის გახდა”, _ აღნიშნა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
მწერლის იუბილეს დაემთხვა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დახურვაც, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის მასპინძელიც ჩოხატაური იყო.
ჩოხატაურის სახალხო თეატრმა “მზიანი გულის კაცი” წარმოადგინა.
რეჟისორ გოგი ცინცაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან აღებული სხვადასხვა სცენების ერთობლიობა გახლდათ, რომელიც სიყვარულით იყო სავსე.
მსახიობებმა: ქეთევან კუკულავამ, თეა კეჭაყმაძემ, ვასილ ბუბუტეიშვილმა, გოგი ცინცაძემ, გია ხვინჩიაშვილმა, გიორგი სიხარულიძემ, კოტე სიხარულიძემ და შალვა შარაშიძემ შესრულებული როლებით მაყურებლის მოხიბლვა შეძლეს.
ჩოხატაურის სახალხო თეატრის მსახიობებს დარბაზში მყოფი საზოგადოება ფეხზე ამდგარი დიდი ხნის მანძილზე უკრავდა ტაშს.