უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. მათი ცნობით, რუსი გენერლები ახლა თავდასხმის გეგმას ადგენენ.
პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა აზოვის ზღვა საფრთხის ზონად გამოაცხადა და დახურა. შეზღუდვა 21 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.
უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე ყვება, რომ მთელი დღის მანძილზე უკრაინის საზღვრებთან ინტენსიური სროლა და დაბომბვა მიმდინარეობს.
“მთელი დღე მიდის ინტენსიური დაბომბვა, ჯერ დაიწყეს 85-იანი ნაღმტყორცნებით, და ახლა უკვე გადავიდნენ მძიმე არტილერიაზე. ჩვენი მანქანა ააფეთქეს პირდაპირი გარტყმით და სამწუხაროდ, ერთი ჯარისკაცი ჩვენი მძიმედ დაიჭრა.
გუშინ დაიღუპა 2, დაჭრილია 5 რაც მე მაქვს მონაცემები და დღესაც კიდევ ორი დაიღუპა. მთლიანად ფრონტის ყველა ხაზზე, წერტილი არაა დარჩენილი, რომ ამ წუთშიც არ მიმდინარეობდეს ინტენსიური სროლა”, _ ამბობს ქართველი სამხედრო უკრაინაში, ვანო ნადირაძე.
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას და სამხედრო იერიში დაიწყოს. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი კი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის საგანგებო განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა მორიგი პროვოკაცია განახორციელეს და ლუგანსკის დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს.