დღეს, 13 საათზე, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლესთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია 2 დღის წინ პარტია საქართველოსთვის წევრმა ჩოხატაურის საკრებულოში გოგი ბოლქვაძემ დააანონსა. თუმცა, აქციაზე მხოლოდ 50-მდე ადამიანი მივიდა.
“მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე მოვუწოდებ ყველას _ ხვალ ერთად დავდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით და სოლიდარობა გამოუცხადოთ მათ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს”, _ მოუწოდებდა გოგი ბოლქვაძე ჩოხატაურელებს.
თუმცა, ჩოხატაურელებმა ბოლქვაძის მოწოდება არ გაიზიარეს.
“გაცილებით მეტ ადამიანს ველოდებოდი. ეს ხომ არ არის პოლიტიკური ნიშნით შეკრება. უნდა მოსულიყვნენ ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა; აქ მთავრობის წარმომადგენლებსაც ველოდებოდი. მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ არ უნდა იყვნენ მონობაში, უნდა შეძლონ საკუთარი ქვეყნის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, სოლიდარობის გამოხატვა სხვა ქვეყნებისადმი.
რუსეთი მკვლელია! რუსეთი აგრესორია! დღეს აქ, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად მოსულ უამრავ ადამიანს ველოდებოდი, მაგრამ ხედავთ, მხოლოდ 50 კაცი თუ იქნება. ეს სამარცხვინოა. ეს გზა ჩვენ უკვე გამოვიარეთ და ვისაც გვახსოვს რუსული აგრესიის სიმწარე, ისინი მაინც უნდა მოსულიყვნენ. რამდენი ჩოხატაურელი შეეწირა რუსულ აგრესიას. სად არიან მათი ოჯახის წევრები”, _ გვითხრა ქალბატონმა, რომელიც მანანა გურგენაშვილის სახელით გაგვეცნო.