“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ვერიკო ჯგერენაია:
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაცია წელს ხდება 30 წლის და ამ 30 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, მათ შორის, “იურიდიული დახმარების ცენტრის” ფუნქციონირებით სამართლებრივად ეხმარება ადამიანებს. ამ 30 წლის განმავლობაში 1 300 000 -ზე მეტი კონსულტაცია არის გაწეული ბენეფიციარებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა იურისტისგან მიეღოთ დახმარება და ეს შესაძლებელი გახდა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მეშვეობით, რომელმაც, თავის მხრივ, ეს შესაძლებლობა მიიღო საერთაშორისო მეგობრებისგან. გამომდინარე აქედან, რომ არა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გულუხვი დახმარება, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სარგებლის შეტანის მიზანი აქვს, ჩვენ არ გვექნებოდა შესაძლებლობა ადამიანებს დავხმარებოდით. მართალია, მე ვსაუბრობ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სახელით, თუმცა, არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და მათი საქმიანობა მიმართულია ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ამას ყველა მათგანი ახერხებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. გამომდინარე აქედან, თუ კი ეს რესურსი მოისპობა და თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა იმგვარად შეიზღუდება, რომ ისინი ვერ შეძლებენ სხვადასხვა მომსახურების გაწევას, მათ შორის, იურიდიული დახმარების მიწოდებას ადამიანებისთვის, ეს ძალიან ბევრ მოქალაქეს დააკლდება…
არა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირებს, არამედ, სახელმწიფო სტრუქტურებს, მუნიციპალურ ორგანოებს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ და აქვთ საერთაშორისო დონორებისგან. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და ზოგადად განვითარებაში, მათ შორის ეკონომიკის, ძალიან დიდი როლი აქვთ საერთაშორისო მეგობრებს….
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვჭირდება დახმარება. ჯერ კიდევ ვართ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ევროინტეგრაცია; შესაბამისად, რაც ამ გზაზე ხელს შეგვიშლის, არც ერთი კანონი და ქმედება არ არის მისაღები“.