საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდირების აღკვეთას ეხმაურება.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით – იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“,_ აცხადებს თალაკვაძე.