ცოტა ხნის წინ, “გურია ნიუსს” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდა ფეისბუქმომხმარებელი თაკო შარუხია, რომელმაც ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის წაშლა ითხოვა იმ მოტივით, რომ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კონკრეტულად, საქმე ეხება სტატიას (“ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან, საღამოს _ ქმარი), რომელიც “გურია ნიუსმა” მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
როგორც შარუხიამ მოგვწერა, საქმე სულ სხვაგვარად იყო, რაზეც აღნიშნულ სტატიაში საუბარი არაა.
“რეალურად ის მოხდა, რომ მართლაც აფრთხილებდენ მაშველები ხალხს, არ შესულიყვნენ სიღრმეში, მაგრამ მაინც შედიოდნენ. წითელი ალამიც იყო აღმართული, _ ეს სიმართლეა, მაგრამ დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან და საღამოს _ ქმარი, ეს ტყუილია.
ჩვენ 5 საათზე მივედით და უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა. ჩემმა მეუღლემ მოახერხა ბავშვს დახმარებოდა, თითონ კი ვერ გამოდიოდა და მაშველებს ვთხოვე დახმარება. ეს იყო სიმართლე. მადლობის ნიშნად მივართვით ტორტი და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ (შარუხიამ აღნიშნული ფოტოებიც მოგვაწოდა)
ეს იყო სიმართლე _ ჩემმა ქმარმა სხვისი სიცოცხლე იხსნა, თითონ კი ეწირებოდა”, _ გვწერს თაკო შარუხია.