მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში და როდის შეძლებენ ისინი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.
ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედთან” ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა. ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
“სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები] უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე”, – თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა 16 მარტს ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართეს.