საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი მმართველი გუნდიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას ეხმაურება. როგორც ბარნოვი ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, ,,ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები არ ვითარდება, რასაც გუნდიდან ჭიჭინაძის გაშვება ადასტურებს.
,,არანაირი მოლოდინი პირადად არ მაქვს, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ რაიმე დემოკრატიული პროცესი შეიძლება ხდებოდეს. ეს არის ჩვეულებივი ერთპიროვნულ მმართველობაზე დამყარებული ბანდა, რომელიც ქვეყანას არ თმობს.
ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, რომ ვიღაც გამოდის და თავის კოლეგას აკრიტიკებს. შიგნით ვერაფერს აგვარებენ, ამიტომ გამოდიან და საჯაროდ საუბრობენ. იქ დიალოგი შეუძლებლია, რადგან ,,ქართულ ოცნებაში“ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხი არ არის.
მმართველი გუნდში ჭიჭინაძის წასვლით არაფერი შეიცვლება. მთელ ქვეყანაში ჩვენი მოსახლეობა არის ტოტალურად უკმაყოფილო და ეს არის პრობლემა“,_გვითხრა ბარნოვმა.
თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება_,,ქართული ოცნებამ“ ჭიჭინაძეს ეს ბრალდებები წაუყენა და გუნდიდან გაათავისუფლა.
,, პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”,_აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.