აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის აპარატის უფროსს, მარკ შორტს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა, _ ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იტყობინება.

როგორც CNN წერს, ტრამპი პენსს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც ვიცეპრეზიდენტმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგების გაუქმებაზე უარი თქვა. მაიკლ პენსმა კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმაც დაგმო და კონგრესს არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. პასუხად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ვიცეპრეზიდენტს სითამამე არ ეყო.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.
































































