ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებაც ოფისში ყოფნას არ საჭიროებს, დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა.
CNN-ის პრეზიდენტი ჯეფ ცუკერი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიასა და, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ასახელებს.
„თუ თქვენი სამუშაო არ მოითხოვს თქვენ ოფისში ყოფნას, გთხოვთ, სხვაგან იმუშაოთ“ – თქვა ცუკერმა.
ამასთან, გადაცემები გავა არა დიდი, არამედ, მცირე ზომის სტუდიებიდან, სადაც ნაკლები ადამიანი იქნება ერთ სივრცეში.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ყველა დასაქმებული, ვინც ოფისში იქნება, ვალდებულია, ატაროს პირბადე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიირთმევენ ან ოთახში მარტო არიან.
სავარაუდოდ, ეს რეჟიმი იანვარში შეიცვლება, თუმცა, არაა გამორიცხული, გახანგრძლივდეს კიდეც.