კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის” წინააღმდეგ „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” ბრენდული სახელწოდებით „რადიო თბილისი FM93.5″ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, ComCom-ს მიმართა საჩივრით, რომელიც „ტელეიმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” განთავსებულ ინფორმაციას ეხებოდა.
მომჩივანის შეფასებით, „ტელეიმედმა” „რადიო თბილისი FM93.5″-ისა და კომპანიის დამფუძნებლის, რამაზ სამხარაძის შესახებ გაავრცელა არაზუსტი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. მომჩივანი საჩივარში ითხოვდა „ტელეიმედისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობას.
ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, სადავო სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინ მედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინ მედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინ მედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში.
კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტურ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი სტანდარტები. შესაბამისად, ComCom-მა, საკითხი განიხილა რა, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” საჩივარი არ დააკმაყოფილა.

































































