პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ „Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.
დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული”,_ აცხადებენ უწყებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.