„დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ დროს გაავრცელა, როცა პარლამენტის ერთ-ერთ გამოსასვლელთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ვითარება დაიძაბა.
ის ამბობს, რომ ბრძოლა გრძელვადიანია, გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებას ისახავს მიზნად, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და რომელიც ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს.
„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართულები არიან და ენერგიას გვიზიარებენ, რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მიერ და გვაშორებს ერთი მეორე მიყოლებით ევროპული გზიდან. ასე რომ კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა გაზის გამოშვება და ძალადობა, რაც არ არის საჭირო რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობა გვექნება უთუოდ საქმე მომავალში”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.