თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ.
„მინდა, აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ, მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს – თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს წირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ვალდებულება. ამ მიმართულებით ჩვენ გეტყვით, რომ ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“,_ განაცხადა ღარიბაშვილმა.