ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, ევროპაში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთი გმობს.
BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვმა თქვა, რომ ეს არის “დესტრუქციული” ნაბიჯი, რომელიც ზრდის დაძაბულობას და ამცირებს პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობებს.
პენტაგონის განცხადებით, 2000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება ჩრდილოეთ კაროლინადან პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო 1000 სამხედრო, ვინც უკვე გერმანიაში იმყოფება, გაემგზავრება რუმინეთში.
ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის მახლობლად 100 000 ჯარისკაცი ჰყავს. ბრალდებას კი რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, უარყოფს.
პენტაგონმა ადრე განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარები არ იბრძოლებენ უკრაინაში, მაგრამ უზრუნველყოფენ ვაშინგტონის მოკავშირეების დაცვას.
მათი განლაგება დამატებით იმ 8500 ჯარისკაცს ემატება, რომელიც პენტაგონმა გასულ თვეში გამოაცხადა მზადყოფნაში, რათა საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ ევროპაში განლაგებისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი ბატონ პუტინს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიოს, რომ ნატო მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – განუცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ. მაგრამ პუტინის სავარაუდო შემოჭრის გეგმების საკითხზე მან თქვა: „ჩვენ ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შემდგომი შეჭრის შესახებ“.