მაშველებმა, 2022 წლის საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე, დაახლოებით ერთთვიან მონაკვეთში, ზღვაში მყოფი 40 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე იპოვეს 11 გზააბნეული მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები. ასევე, სანაპირო ზოლზე მორიგეობისას, მაშველებმა 14 დამსვენებელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“ზღვის, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ზოლებზე მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2022 წლის საზღვაო სეზონის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 320-ზე მეტი მაშველი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ სეზონური მაშველების ანაზღაურება, წინა წლებთან შედარებით, 25% პროცენტით არის გაზრდილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: დასვენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს; ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს; ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში; კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს”,_ ნათქვამია განცხადებაში.