სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს.
“სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ჩვენ დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ეს არის დღე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის მძიმე და ტკივილიანია. ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების ხსოვნის წინაშე, მათ თავდადებას არასოდეს დავივიწყებთ”, _ განაცხადა მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. (R)