საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს სატვირთო და სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ, მგზავრთა ვაგონს კი ცეცხლი წაეკიდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები დამწვარი ვაგონებიდან ცხედრების გამოყვანას ცდილობენ. მომხდარის გამო თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი. მთავრობამ კი ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიების პირობა დადო.
მომხდარის შემდეგ რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყვეს და ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. პროტესტს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო.