ამ წუთებში, გავრცელდა ხმები, რომ კურორტი ბახმარო, კორონავირუსის კერების გამო, დაიკეტა.
“გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, კურორტ ბახმაროში კორონავირუსით ორი ადამიანია დაინფიცირებული.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ნატო ჯიბუტის თქმით, დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება:
“უკვე უსრულდება იზოლაციის პერიოდი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეს ადამიანები ცხოვრობენ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.
მინდა ყველა დამსვენებლებს “გურია ნიუსის“ საშუალებით მოვუწოდო, რომ დაიცვან რეგულაციები და დახურულ სივრცეში გამოიყენონ პირბადე _ ახლა ეს არის მთავარი“, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
მისივე თქმით, ხვალიდან კურორტ ბახმაროს დამსვენებლებს ექნება შანსი უფასოდ გაიკეთონ ტესტი კორონავირუსზე:
“ხვალ ავალთ ბახმაროში და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს სწრაფი ტესტით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანებს დავეხმაროთ“, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
რაც შეეხება კურორტის დაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დაბა ბახმაროში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დავით ჟღენტის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
“ბახმაროში ჩვეულებრივად შემოდიან ადამიანები და აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დათო ჟღენტი.
ავტორი: გიორგი გირკელიძე