შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
შსს-ს ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა კლინიკაში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა.