ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის სახნავ- სათესი ფართობების მასივში, ტყის განაპირას, ერთ-ერთი ფართობის მესაკუთრემ, ნადირისგან შეჭმული საქონლის ჩონჩხი იპოვა.
_ ჩემს საყანე ფართობში, ორი წელია, რაც თხილის პლანტაცია გავაშენე. ახლახან ბალახის გასაცელად ვიმყოფებოდი. იქვე, ბუჩქნარში შევნიშნეთ საქონლის ჩონჩხი. დავაკვირდით, ძროხის თავის, ხერხემლის და ფეხების ნაწილების ძვლები აღმოჩნდა. პირუტყვი ნადირისგან კარგა ხნის შეჭმული უნდა იყოს, _ თქვა ზ.წ.-მ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის გამგებელს, ირაკლი რამიშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულის შესახებ უთხრა.
_ ვეცდებით, მივიდეთ ადგილზე. პირველ რიგში კი სოფელში გადავამოწმებთ, ვის დაეკარგა უახლოეს პერიოდში ძროხა, _ გვითხრა რამიშვილმა.
ჭანიეთელები ამბობენ, რომ შესაძლოა პირუტყვი მეზობელი ქაქუთის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებისაც იყოს, რადგან იქედან, სიახლოვის გამო, ხშირად გამოდის საქონელი საბალახოდ ჭანიეთის მინდვრებში.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში, სოფელ ჭანიეთში, ადგილი ჰქონდა პირუტყვის დაკარგვის ფაქტებს, რის შესახებაც, უმეტესად ვარაუდობდნენ, რომ მოიპარეს.





























































