ცეცხლოვანი ჭიანჭველები, მოხვდებიან თუ არა წყალში, ერთმანეთს ეკვრიან და დაუსველებელ „მაშველ წრეს“ ქმნიან, რომელიც ჰაერის ბუშტუკებს იკავებს და მწერებს საშუალებას აძლევს, არ დაიხრჩონ. ამ ახალი გამოკვლევის შესახებ გამოაქვეყნეს ჯორჯიის შტატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სწავლულებმა, რომელთა სამეცნიერო ჯგუფს დევიდ ჰუ ხელმძღვანელობს.
ცეცხლოვანი ჭიანჭველების სამშობლო ბრაზილიაა.
მკვლევრებმა შეისწავლეს მათი არაჩვეულებრივი უნარი – გადაიტანონ ხანგრძლივი წყალდიდობები. აღმოჩნდა, რომ ათასობით მწერისგან იქმნება კოლონიები. ისინი საკუთარი სხეულებით თავისებურ „ტივებს“ აგებენ და ამგვარად ცურავენ წყალში თვეების განმავლობაში. ჭიანჭველები წყალში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, ქმნიან ჩაუძირავ გუნდს და მათგან მწერების ნაწილი წყალქვეშ იმყოფება.
ჰუს ჯგუფმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარა: ჭიანჭველების ჯგუფებს წყლით სავსე ჭურჭელში ყრიდნენ. თითოეულ ჯგუფში 8 ათასი მწერი შედიოდა. ცდების დროს მკვლევრები სათითაოდ აცლიდნენ ჭიანჭველებს „ტივის“ წყალზედა ნაწილს. ამის საპასუხოდ „ქვედა“ ჭიანჭველები ადიოდნენ ზევით, რათა „ტივის“ სისქე მუდმივად შეენარჩუნებინათ.
„ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავიანთი „წყალმედეგობა“. ისინი სხეულებს იმგვარად აერთებენ, რომ იქსოვება ერთგვარი წყალგაუმტარი ქსოვილი. ისევე, როგორც მრავალ ბიოლოგიურ მასალას, ჭიანჭველების ქიტინოვან საფარველს წყალამრიდი თვისებაც აქვს. გაზომვებმა აჩვენა, ჭიანჭველებისგან შემდგარ „ტივებს“, ცალკეულ ჭიანჭველასთან შედარებით, ეს თვისება სამჯერ უფრო მეტი აქვს“.
ავტორი